ქორონიკონი

ქორონიკონი, ქორინიკონი, ქვარონიკონი (ბერძნ. Χρόνος — დრო, ჟამი, წელიწადი) — წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

ქორონიკონის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყველას თავისი ისტორია გააჩნია, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ორი რამ: ათვლის წერტილად მიჩნეულია „სამყაროს შექმნა“ და შემდგომი გადათვლები ჯამდება ბიბლიური მოვლენების შესაბამისად. იმის და მიხედვით თუ ვის როგორ წარმოედგინა სამყაროს შექმნის მომენტი და ასევე ბიბლიური პერიოდების გადათვლას რა სისტემით ახორციელებდა, შედეგი — სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე (ან სხვა მომენტამდე) იყო განსხვავებული. აღნიშნული განსხვავებული მიდგომებიდან გამომდინარე ისტორიულად ჩამოყალიბდა არაერთი კალენდარი, რომელთაგან ზოგი პოპულარობით სარგებლობდა ზოგიც კი დაფიქსირდა როგორც ალტერნატიული ათვლის სისტემა.

  • ბიზანტიური ქორონიკონი — სამყაროს შექმნად 5508 წელია მიჩნეული, რითაც ქართულისაგან 96 წლით განსხვავდება. ბერძნული ქორინიკონი ითვლება მცირე ინდიქტიონის მიხედვით, რომლის მოქცევა 15 წელს უდრიდა. იგი შემოიღეს ბიზანტიაში და პირველი მოქცევის პირველი წელი ამ წელთაღრიცხვით 313 წელს დადგა. შესაბამისად 312 წელი ესაა ბერძნული ქორინიკონის ათვლის წელი. აქედან მოყოლებული ითვლებოდა მოქცევები. მაგალითად: 1083 წელი ბერძნული ქორინიკონით ესაა 51 მოქცევა და 7 წელი, ხოლო ქართული ქორონიკონით კი აღნიშნული რიცხვი უტოლდება 12 მოქცევას და 303 წელს.
  • ანტიოქიური ქორონიკონი — სამყაროს შექმნად 5500 წელია მიჩნეული, რითაც ქართულისაგან 104 წლით განსხვავდება.
  • ალექსანდრიული ქორონიკონი — სამყაროს შექმნად 5492 წელია მიჩნეული, რითაც ქართულისაგან 112 წლით განსხვავდება.
ვიკიციტატა
„რუსების ძველი მწერლობაც ხუთასიან ქორინიკონს ხმარობს, მაგრამ ბერძნულის სისტემისას. სომხებს კი განსაკუთრებითი ქორინიკონი აქვთ: იმათი წელთაღრიცხვა იწყობა 552 წელს ქრისტეს შემდეგ და მომდინარეობს მოუქცევლად. ქორინიკონზე ნახე კიდევაც Hist. de la Geor., I, p. 28, n. 3. — Hist. de la Siounie, I, p. 58. n. 3. — Bulletin de l' Acad. t. XXII, №3, p. 445-471.“

Developed by მერაბ მგელაძე