ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები
United States of America
აშშ
აშშ-ის
დროშა გერბი
დევიზი: E Pluribus Unum; In God We Trust
ჰიმნი: The Star-Spangled Banner
დედაქალაქი ვაშინგტონი
38°53′ ჩ. გ. 77°02′ დ. გ. / 38.883° ჩ. გ. 77.033° დ. გ. / 38.883; -77.033
უდიდესი ქალაქი ნიუ-იორკი
ოფიციალური ენა ინგლისური (დე ფაქტო)
მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
 -  ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი
ფართობი
 -  სულ 9 833 520 კმ2 (მე-3)
 -  წყალი (%) 6.97
მოსახლეობა
 -  2017 შეფასებით 324 478 000 (მე-3)
 -  2010 აღწერა 309 349 689 
 -  სიმჭიდროვე 35 კაცი/კმ2 (180-ე)
მშპ (მუპ) 2016 შეფასებით
 -  სულ $18.581 ტრილიონი (მეორე)
 -  ერთ მოსახლეზე $57,294 (მე-14)
აგი (2014) 0.915 (მაღალი) (მე-8)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი დზკ UTC-5-დან UTC-10:00-მდე
 -  ზაფხულის (DST) ზდ სხვადასხვა (UTC)
ქვეყნის კოდი USA
Internet TLD .gov, .edu, .mil, .us
სატელეფონო კოდი 1

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 318,9 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


Developed by მერაბ მგელაძე